უცხოეთი
„ურთიერთობებს კეთილმეზობლური ენით ვამყარებთ“ – ზურა ჩხაიძე ღვინის ექსპორტის დინამიკაზე

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ღვინის ბიზნესში მიმდინარე პერიოდი ტრადიციულად შედარებით პასიურია, თუმცა არსებული გარე ფაქტორების მიუხედავად სექტორი მუშაობას აგრძელებს და ექსპორტის მიმართულებით ახალი კონტრაქტების ამოქმედებას ელოდება. ამის შესახებ კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელმა, ზურა ჩხაიძე განაცხადა.

მისი თქმით, ღვინის ინდუსტრიაში აქტიური და პასიური პერიოდები მკაფიოდ გამოირჩევა და ამჟამად სწორედ შედარებით დაბალი აქტივობის ფაზაა.

"ღვინის ბიზნესს რაც შეეხება, აქ სხვადასხვა პერიოდი არსებობს. მაგალითად, აქტიურია ახალი წლის წინა პერიოდი, პასიურია - სხვები. ამჟამად პასიურ პერიოდში ვართ. ამას დაემთხვა მეზობელ ქვეყნებში გადასახადების ცვლილება. ასევე, ჩვენს ახლო მეზობლობაში, მაგალითად, დსთ-ს ქვეყნებში, საკმაოდ არასტაბილური სიტუაციაა. ეს ყველაფერი ბუნებრივია, გარე ფაქტორზე მოქმედებს და გარკვეულწილად ჩვენზეც აისახება. ვფიქრობ, ამას სენსიტიური ეფექტი არ აქვს, უბრალოდ დროებითი ფაზაა თებერვალ-მარტი. ამ დროს კი ჩვენ საკმარისი შეკვეთები გვაქვს და დატვირთვა მზარდია", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბიზნესი ბაზრების დივერსიფიკაციაზე არ მუშაობს, რეალობას არ შეესაბამება. როგორც მან განმარტა, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რესურსი დაიხარჯა ახალი ბაზრების განვითარებასა და სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

"გადაუჭარბებლად მცდარია, რომ ბიზნესი არ მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე. ბევრი ენერგია დახარჯულია სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ფორმით. შედეგები თვალსაჩინოა, აზიის ქვეყნებში გაყიდვები და პოპულარიზაცია საკმაოდ კარგად მიდის. გარდა ამისა, სამი და ოთხი წლის წინ დაწყებული ბიზნესმოლაპარაკებები წელს ძალაში შედის, რის შედეგადაც რამდენიმე თვეში წარმატებული კონტრაქტები დაიწყება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ მეზობელ ბაზარზე. მეზობელი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და დარჩება. ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობებს კეთილმეზობლური ენით, არ გადავდივართ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ექსპორტსა და იმპორტზე", - განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური გარემოსა, სექტორზე ეს გავლენა უფრო დროებითია და მნიშვნელოვან რისკს არ ქმნის.

"ახლო აღმოსავლეთში მცირე შეფერხებები გვქონდა, თუმცა ეს ჩვენს პროდუქციაზე არსებითად არ აისახა".

ღვინის ექსპორტის კლება 2026 წლის იანვარშიც გაგრძელდა. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან 12,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 105 476 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის პირველ თვეში 12,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4 243 466 ლიტრი. მონაცემები გაცილებით მეტი იყო 2024 წლის იანვარში.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. აღსანიშნავია, რომ ღვინის ჯამური ექსპორტის კლების პარალელურად, რუსეთში ექსპორტი წელს გაზრდილია. მიმდინარე წლის იანვარში ამ ქვეყანაში 8 მლნ აშშ დოლარის ღვინო გავყიდეთ, გასული წლის იანვარში კი, 6,9 მლნ აშშ დოლარის.

bm.ge