„აღმოსავლეთი ალმურშია“ - ასე ჰქვია პოპულარულ ჩინურ სიმღერას, რომელიც განადიდებს მაო ძედუნს და ჩინეთის კომპარტიას და რომელიც „კულტურული რევოლუციის“ დროს ფაქტობრივად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიმნი იყო. დღეს აღმოსავლეთი ალმურშია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის აგრესიაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები არიან ჩათრეულნი.
არა სილამაზის კონკურსების, არამედ ნავთობის გამო აშშ-მა ელვისებური სამხედრო სპეცოპერაციით ჩამოაცილა მისთვის არამეგობრული რეჟიმი ვენესუელაში და გადაწყვიტა უფრო შორს წასულიყო. და მიუხედავად იმისა, რომ ბლიცკრიგი ირანში არ გამოვიდა, აშშ-მა თუ ვერ მოიცილა მისთვის არამეგობრული რეჟიმი, გაანადგურა მისი ლიდერები; თუ ვერ აიღო კონტროლი ირანულ ნავთობზე, აწია ბარელის ფასი ჩინეთის ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნის მიზნით. ისრაელის დახმარებითაც კი (ცაჰალის სარაკეტო დარტყმები, „მოსადისა“ და „ამანის“ ოპერაციები, რომლებიც დაზვერვის სახელმძღვანელოებში შევა ოპერაცია „პეიჯერთან“ ერთად), ელვისებური ომები შეერთებულ შტატებს მხოლოდ „საკუთარ“ დასავლეთ ნახევარსფეროში გამოსდის, ხოლო როდესაც ავიამზიდებით აღმოსავლეთისკენ უნდა დაიძრას, მოულოდნელობის ეფექტი ქრება და დამაჯერებელი უპირატესობა ყოველ საზღვაო მილთან ერთად დნება, მოკავშირეების ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზების მიუხედავად.
გეოგრაფიული ფაქტორი და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი პირობები (მთები ავღანეთში, ქვიშა ერაყში, ჰორმუზის სრუტის წყლები ირანში) იანკების წინააღმდეგ მუშაობს — ზუსტად ისევე, როგორც რუსულმა ყინვებმა და მისმა უსასრულო სივრცეებმა (მომარაგებისა და მართვის ლოგისტიკური ხაზების დაშორებამ) დიდწილად განაპირობა ნაპოლეონისა და ჰიტლერის კამპანიების ჩავარდნა. საკუთარ მოედანზე მოთამაშეს ყოველთვის აქვს გარკვეული უპირატესობა.
წინ და უკან, მარცხნივ და მარჯვნივ: ტრამპის შემდგომი მოძრაობებიც კუბაში პოპულარული ცეკვის - „სალსას“ რიტმში იქნება: ნაბიჯი წინ, მაგალითად — ირანში, მაგრამ თუ მომენტალური ეფექტის მიღწევა ვერ მოხერხდა, მაშინვე ნაბიჯი უკან, მაგალითად — კუბაში, რათა არ დაიკარგოს ტემპი და მოხდეს იმიჯური ზიანის კომპენსირება.
მაგრამ ირანი არ ეშვება ტრამპს და ტრამპი კარგავს ტემპს: ირანი ყოველდღე ბომბავს ისრაელს სულ ახალი რაკეტებით, ხოლო შინ წასვლა და მოკავშირის ასეთ მდგომარეობაში დატოვება ამერიკელებს არ შეუძლიათ; როდესაც აშშ-ის მეგობარი ქვეყნების ტანკერებს ირანი სწრაფმავალი უპილოტო კატერებით ესხმის თავს, ამერიკელები ვერ იხევენ უკან ჰორმუზის სრუტის გაუხსნელად, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო ბაზარს ნავთობისა და გაზის 20 პროცენტი მიეწოდება. ხოლო როდესაც სამხედრო მოქმედებები მთელი თვე გრძელდება, ეს უკვე სპეცოპერაცია კი არა, სრულფასოვანი ომია, სახმელეთო ოპერაციის გარეშეც კი.
ტრამპმა შეიძლება დაიგვიანოს ჰავანაში ვაშინგტონისთვის არამეგობრული რეჟიმის შეცვლის სპეცოპერაციით — კუბისკენ მიემართება ორი რუსული ხომალდი დახმარებით. მართალია, ეს მხოლოდ ნავთობი და გაზი და არა რაკეტებია, როგორც 1962 წელს, მაგრამ ტანკერები და მათი ტვირთი სასანქციო სიაშია, ამიტომ ვაშინგტონი რუსეთის ქმედებებს განიხილავს როგორც ამერიკული სანქციების გვერდის ავლის უკანონო მცდელობას. და თუ ტანკერებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები დაარტყამენ, ეს მოფლიოს ახალი კარიბის კრიზისით იმუქრება. აი, რატომ არის კუბა „კერკეტი კაკალი“ აშშ-ისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მის „უკანა ეზოში“, დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, რომელიც ტრამპმა აშშ-ის საკუთრებად გამოაცხადა მექსიკის ყურის ამერიკის ყურედ გადარქმევის შემდეგ.
დიახ, კუბაზე, ვენესუელისა და ირანისგან განსხვავებით, არ არის ნავთობი და გაზი, რომელიც მას თავად კრიტიკულად სჭირდება, ამიტომ მიზანი, რის გამოც აშშ თავს დაესხმება რუსეთის რიგით უკვე მესამე სტრატეგიულ პარტნიორს, არის არა არამეგობრული რეჟიმის შეცვლა „თავისუფლების კუნძულზე“, არამედ რუსეთისა და პუტინის მეგობრის იმიჯის გაქარწყლება, რომელიც ტრამპს ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს შეუქმნეს და ანკორიჯის შემდეგ რეანიმირემა მოახდინეს. გაიხსენეთ — აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რათა აღეკვეთა Deep State-ის პროპაგანდა — თითქოს მან არჩევნებში კრემლის ჩარევის წყალობით გაიმარჯვა — რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები დააწესა. დღეს კი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რათა უარყოს ბრალდებები პუტინისადმი სიმპათიებსა და ზელენსკისადმი ანტიპათიებში, ევროკავშირის ლიდერების ბრალდებები უკრაინის დახმარების სურვილის არქონაში, რუსეთის მოკავშირეებს სათითაოდ ესხმის თავს — ვენესუელას, ირანს, უახლოეს პერსპექტივაში კი — კუბას.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
21 მარტი, 2026 წელი
საქართველო, თბილისი