აქტუალური
რა მაკროეკონომიკური გავლენა ექნება საწვავის ფასის ზრდას საქართველოზე - TBC კაპიტალის მოლოდინები

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა უკვე აისახა საქართველოს შიდა ბაზარზეც, სადაც საწვავი გაძვირდა.

„თიბისი კაპიტალის“ მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ბოლო პერიოდში საწვავის ფასები საქართველოში ზოგიერთ შემთხვევაში დაახლოებით 10%-მდე არის გაზრდილი. ეს ზრდა უკავშირდება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრ მატებას, რომელიც 28 თებერვლის შემდეგ დაახლოებით 45%-ს აღწევს.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ არსებული ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემდგომი ზრდის რისკს ქმნის. საწვავის გაძვირება, პირდაპირი გავლენის გარდა, ზრდის ტრანსპორტირებისა და წარმოების ხარჯებსაც, რაც, თავის მხრივ, სხვა პროდუქტების ფასებზეც შეიძლება აისახოს.

გარდა ამისა, გაზრდილი ხარჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორისთვის, სადაც საწვავი, ტრანსპორტირება და სასუქები საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს.

ამავე დროს, ექსპერტების შეფასებით, გლობალური ფასების ზრდამ შესაძლოა გარკვეულწილად დადებითი ეფექტიც გამოიწვიოს ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებისთვის, თუმცა საერთო ჯამში, საწვავის გაძვირება ეკონომიკაზე ინფლაციურ ზეწოლას აძლიერებს.

ამასთან, მიმოხილვაში აღნიშნულია მიმდინარე ვითარებაში, ფასების დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული როგორც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ცვლილებაზე, ისე გეოპოლიტიკური პროცესების განვითარებაზე, თუმცა ამასთან ხაზგასმულია, რომ სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა კიდევ უფრო შემცირებულია.

"შეცვლილი განწყობები, რასაკვირველია, საქართველოზეც მოქმედებს. ინფლაციის მზარდი რისკები და საპროცენტო განაკვეთების გაფართოებული დიფერენციალი მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობას ამცირებს. წინა განახლებაში აღვნიშნეთ, რომ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდებოდა, გაზრდილი იყო იმის ალბათობაც, რომ სებ-ს წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეემცირებინა. უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი დეესკალაციის გარეშე, შესაძლოა, განაკვეთის თუნდაც მცირედით შემცირების სივრცეც ნაკლებად გაჩნდეს", - ნათქვამია მიმოხილვაში.

bm.ge