ჩემი წინა პუბლიკაციები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების მიზეზებსა და თანამედროვე ომის მეთოდებს ეძღვნებოდა. ქვემოთ გაეცნობით პროგნოზს - როდის და როგორ შეიძლება დასრულდეს ეს დაპირისპირებები.
მეთოდები – ახალი, მიზეზები – ძველი
უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ომის წარმოების მეთოდები, სადაც ეფექტიანობისა და ნაყოფიერების თვალსაზრისით წინა პლანზე რობოტები – საფრენი და მცურავი უპილოტო აპარატები გამოდიან, მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება. საომარ მოქმედებებში მოწინავე ტექნოლოგიებისა და დაზვერვის ხვედრითი წილი გაიზრდება, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის როლი კი შემცირდება; პოლიტიკური მიზნების მიღწევის ძირითად გზად სპეცოპერაციები იქცევა, ვინაიდან სრულმასშტაბიანი და ხანგრძლივი ომებისთვის არავინაა მზად. უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ხარჯვა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ყველა მარაგი ამოიწურა (ბირთვული არსენალის გარდა, რომლებიც, საბედნიეროდ, არ გამოიყენეს), მათი სწრაფად აღდგენა კი შეუძლებელია.
თუმცა, ომების მიზეზები უცვლელი რჩება – ისინი უფრო ეგზისტენციალურია და სათავეს საუკუნეების სიღრმიდან იღებს. ესაა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მარადიული დაპირისპირება, ცივილიზაციათა ბრძოლა და არა იდეოლოგიების ან დღეს პოპულარული ერთპოლუსიანი და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს თეორიების ჭიდილი. მსოფლიო ყოველთვის იყო და იქნება მრავალპოლუსიანი, რადგან ერთპოლუსიანი მოდელის მომხრე იმდენივეა, რამდენიც სახელმწიფო, რომელიც მრავალპოლუსიანობას უჭერს მხარს. ერთპოლუსიანი სამყაროსკენ აშშ და ევროპა მიისწრაფვიან – ანუ ისინი, ვისაც პირობითად „დასავლეთს“ ვუწოდებთ. თუმცა, მათ შორის თითოეული – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი თუ გერმანია – საკუთარ თავს ამ სამყაროში „თანასწორთა შორის პირველად“ მოიაზრებს.
მრავალპოლუსიანი სამყაროს მომხრეები კი არიან რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და მათი პარტნიორები. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოკავშირე ქვეყნები მხოლოდ აღმოსავლეთსა და აზიაში არ მდებარეობენ (მაგალითად, უნგრეთი და კუბა), აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ამ ორკესტრში „პირველ ვიოლინოს“ მაინც რუსეთი უკრავს – მსოფლიოში ყველაზე დიდი ევრაზიული სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდივითაა გადებული.
ჩანგრეული ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
თუ წარსულს გადავხედავთ, გასული საუკუნის 80-90-იანი წლები დასავლეთის „ოქროს ხანად“ შეიძლება ჩაითვალოს. მაშინ დასავლეთის ყველაზე პასუხისმგებლობიანი და პრაგმატული ლიდერები, განსაკუთრებით ევროპაში, აღიარებდნენ რუსეთის როლს და მას იყენებდნენ როგორც ხიდს, როგორც მედიატორს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ეს გამორჩეული პოლიტიკოსები გაუნათლებელმა დემაგოგებმა შეცვალეს, რომლებსაც რუკაზე ირანს ვერ პოულობენ და სერვანტესი სერვანტში ეშლებათ. იმის ნაცვლად, რომ პრობლემების გადასაჭრელად რუსეთის პოტენციალი გამოეყენებინათ, რომელსაც აღმოსავლელი პარტნიორები სტაბილურობის გამო სცემენ პატივს, ევროპელმა ბიუროკრატებმა ამ „ხიდის“ ჩამონგრევა უკრაინელების ხელით მოისურვეს (დასავლეთს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი რომ მიეყენებინა, დღეს სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით).
ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფლიქტისას რუსეთის ფაქტორს უგულებელყოფდნენ, ყველაფერი კატასტროფით სრულდებოდა, ისევე როგორც ახლა. რუსეთი, რომელიც უკვე ოთხი წელია ომშია (მათ შორის – ტერორისტულში), რომელიც ყოველდღიურად ერთდროულად თავდაცვაზეც არის გადასული და შეტევაზეც, განსაკუთრებულ სიხარულს არ გრძნობს იმ მოულოდნელი ნავთობდოლარების გამო, რომლებიც ჰორმუზის ყურის ბლოკადის შედეგად სახელმწიფო ხაზინაში ჩაედინება (ფრონტისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კიევის ხუნტისთვის დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადი შრება). რუსეთი ვერ იქნება კომფორტის ზონაში, როდესაც მისი პარტნიორები დარტყმის ქვეშ ექცევიან და ძალთა ბალანსი ისე ირღვევა, რომ „სასწორის პინებს“ ტეხს...
მეგობრობა - მეგობრობად, ომი კი ომად
ევროპა არ ეხმარება აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში, რადგან ერთპოლუსიანი მსოფლიოსთვის ბრძოლაში თითოეულს საკუთარი ომი აქვს: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს – რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-სა და ისრაელს – ირანის წინააღმდეგ.
შესაბამისად გაიყოფენ ნადავლსაც:
• აშშ, ირანზე გამარჯვების შემთხვევაში (თელ-ავივის ლობისტებმა ტრამპი დაარწმუნეს, თითქოს ირანი ამერიკის ყველაზე საშიში კონცეპტუალური მოწინააღმდეგეა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება), მოიპოვებს კონტროლს მსოფლიო ნავთობზე, ძირს გამოუთხრის ჩინეთის ეკონომიკას და დაეპატრონება მთელ ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიას. ამერიკული „ტრანსფორმერის“ მხარზე ამაყად იჯდება „ქორი“ – ისრაელი, აშშ-ის ნაცვალი ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ამგვარად, დასავლეთი აღმოსავლეთზე გაიმარჯვებს.
• ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, საკუთარ გვერდით, ევროპაში, სამართავად მიიღებენ რესურსებით მდიდარ უზარმაზარ ქვეყანას შემდგომი პრივატიზაციისა და ძარცვისთვის. „რუსეთზე გამარჯვებად“ მივიჩნევ რუსეთის სპეცოპერაციის მიზნების მხოლოდ ნაწილობრივ მიღწევას და ისეთ საზავო შეთანხმებას, სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის თანაფარდობა იქნება არა როგორც გამარჯვებულსა და დამარცხებულს, არამედ როგორც თანასწორ მხარეებს შორის, ან უპირატესობა სულაც უკრაინის მხარეს აღმოჩნდება. უკრაინის უპირატესობად მივიჩნევ კიევის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიებად არაღიარებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფნას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილზე, მაშინ როდესაც უკრაინის არადემილიტარიზებული და არადენაციფიცირებული ნაწილის 75% კვლავ „ბანკოვაიას“ კონტროლქვეშ დარჩება, გმირი-ქალაქები კიევისა და ოდესის ჩათვლით.
ტრამპის ჰარიფმეტიკა
ტრამპს სურს, გამოვიდეს წარუმატებელი კამპანიიდან და წაგებულ თამაშში სახეს ინარჩუნებს, როცა აცხადებს, რომ ირანი განადგურებულია და „კარგ გარიგებას“ ითხოვს? ან იქნებ ტრამპმა თავის გზაზე ყველა ნაღმს აუარა გვერდი და ოჯახის წევრებთან ერთად ასტრონომიულად გამდიდრდა ნავთობის ფასების მერყეობით, რითაც ქონება 75%-ით გაზარდა? ტრამპის გარდა კიდევ ვის შეეძლო სცოდნოდა, რომ ის გააკეთებდა განცხადებას ირანთან დიალოგის დაწყებაზე, რის შემდეგაც ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა?!
რა თქმა უნდა, ერთ თვეში, ან მაქსიმუმ ორ თვეში კონგრესმა შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტს ომის გაგრძელება აუკრძალოს. და მერე რა?! დონალდ ტრამპი, რომელმაც საკუთარი და მისი პრეზიდენტობის მხარდამჭერი ოჯახების ქონება გაასამმაგა, პროტესტის ნიშნად თეატრალურად დატოვებს კაპიტოლიუმს და გზად „დემოკრატებისკენ“ გადააფურთხებს – აქაოდა, თქვენმა სიმხდალემ ხელი შემიშალა აშშ-ის ისტორიული მტრის განადგურებასა და ამერიკის დიადად გადაქცევაშიო! შესაძლოა, მის გამო „რესპუბლიკელებმა“ 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები წააგონ, მაგრამ მერე რა?! ორნახევარ წელიწადში ის მაინც აღარ იქნება პრეზიდენტი და სანამ იმპიჩმენტის პროცედურები დასრულდება, კიდევ არაერთ მილიარდს იშოვის!
თუმცა, ტრამპი ერთს ამბობს და მეორეს ფიქრობს: ის კვალს აბნევს, რომ ნაღმზე არ აფეთქდეს და არც „დემოკრატების“ სამიზნე გახდეს. და თუ მას მართლაც სურს ამ თამაშიდან, უკაცრავად, ომიდან გასვლა, მაგრამ ამას აშშ-ში ისრაელის ლობის გამო ვერ ახერხებს?! ამისთვის ერთი შესანიშნავი ხერხი არსებობს და ტრამპმა ის, როგორც ჩანს, იცის და შესაბამისადაც იქცევა: ეს მეთოდი გამოიხატება შემდეგში: აშშ-მა მეტად უნდა შეუტიოს ირანს, რათა ირანმა მეტი შეუტიოს ისრაელს და შედეგად ისრაელმა თავად სთხოვოს აშშ-ს - მეტი არ შეუტიოს ირანს. „არ გინდათ, ნუ გინდათ!“ – იტყვის მაშინ ტრამპი და „ტრაპიდან ჩავა“, ანუ თამაშიდან გავა.
1:0 ჩინგიზ-ყაენის სასარგებლოდ
დავუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე: მსოფლიო ორ, საუკუნოვან მტრულ ნაწილად – დასავლეთად და აღმოსავლეთად არის დაყოფილი, რომელთა შორისაც უზარმაზარი „ხიდი“ – რუსეთი მდებარეობს. ამ ხიდზე ერთმანეთთან სტუმრად სიარულის ნაცვლად, მის დაბომბვას ამჯობინებენ. რაც შეეხება ისრაელს, დასავლეთში ბევრი მას შეცდომით მიიჩნევდა თავისიანად, სანამ გასულ კვირას ბენიამინ ნეთანიაჰუმ მათ „ცივი შხაპი“ არ გადაავლო: „იესო ქრისტეს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია ჩინგიზ-ყაენის წინაშე, რადგან თუ საკმარისად ძლიერი, დაუნდობელი და მძლავრი ხარ, ბოროტება აუცილებლად სძლევს სიკეთეს!“ – განაცხადა ისრაელის პრემიერმა პრესკონფერენციაზე. დასავლური ცივილიზაციის საფუძველი კი ქრისტიანობაა, რომელიც გვასწავლის, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. ამიტომ, აშშ და ისრაელი მართალია ერთად ომობენ, მაგრამ განსხვავებული მიზნები აქვთ (ისევე როგორც აშშ-სა და ევროპას - იხ. ზემოთ): თუ აშშ მსოფლიო ბატონობისთვის, ნავთობისთვის ან ეპშტეინის ფაილების არა გავრცელებისთვის ომობს, ისრაელის მიზანი არა დასავლური „ცივილიზაციისა და დემოკრატიის“ — აღმოსავლურ „ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმზე“ გამარჯვება, არამედ „დიადი ისრაელის“ შექმნა. ისრაელი თორას და არა კონსტიტუციის მიხედვით ცხოვრობს, ამიტომ ის დასავლეთის ნაწილი ვერ იქნება. და თუ დღეს იუდეველები არ გაუფრთხილდებიან აშშ-ს, როგორც ადრე არ გაუფრთხილდნენ ქრისტეს, მაშინ უდაბნოში მარტონი დარჩებიან და ისლამისტები მათზე შურს იძიებენ.
სამხრეთ კავკასია პირს რუსეთისკენ იბრუნებს
ამ „ათას ერთი ღამის“ მსგავსი ვნებების შემხედვარე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სულ უფრო ხშირად აპყრობენ მზერას ჩრდილოეთს. „ალი-ბაბა“ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ურეკავს ეკონომიკური ბონუსების დასაბევას, პრეზიდენტ ალიევიც მუდმივ კონტაქტზეა პუტინთან და ირანში ჩარჩენილი რუსების ევაკუაციას უზრუნველყოფს, „ქართული“ ფეისბუქი კი მადლიერების სიტყვებით არის სავსე პუტინის მიმართ, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს და თბილისში დელეგაცია მოავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტოპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაკრძალვაზე. ძალა და კეთილშობილება საქართველოში ყოველთვის ფასობდა – მით უმეტეს, რომ არცერთ დასავლელ ლიდერს სამძიმრის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს საქართველოს მისამართით, რომელმაც დაკარგა ერის საყვარელი სულიერი მამა — ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუტის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი! თავისი პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად გამოსულმა ნახევარმა მილიონმა ქართველმა დასავლეთს აჩვენა, რომ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა საქართველოს სინონიმია — იმ ქვეყნისა, რომლის „ევროპულ ცივილიზაციურ ფასეულობებზე“ დამოძღვრასაც ისინი ასე თავხედურად კადრულობენ.
დაბოლოს: ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებოს დასრულების შემდეგ უკრაინაში კონფლიქტიც უახლოეს ხანში დასრულდება. და თუ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გაკეთდეს, ომისშემდგომი ნულოვანი ბალანსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც შიშის წონასწორობაზეა აგებული - მოწინააღმდეგემ „წითელ ღილაკზე“ თითის დაჭერა არ დაგვასწროსო! - გაცილებით სჯობს ტრამპის დღევანდელ პოსტაპოკალიფსურ ტექნოთრილერებს.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაცი-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2026 წლის 25 მარტი
თბილისი, საქართველო