თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის სამსახურიდან საქინფორმს ატყობინებენ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით 15 სექტემბერს, 10 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდება სამუშაო შეხვედრა „სამოქალაქო საზოგადოება და აღმოსავლეთ პარტნიორობა – შესაძლებლობები და გამოწვევები“.
შეხვედრაზე განიხილება ევროპის სამეზობლოს საკითხები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის კონტექსტში, რადგან მას საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიერ 2001 წლის მაისში მიღებული დოკუმენტი „ახალი პასუხი სამეზობლოში მიმდინარე ცვლილებებზე“, რომლის მიხედვითაც სასურველია, სამოქალაქო საზოგადოებამ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში და გააქტიურდეს თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ძირითად საკითხებში.
შეხვედრას გახსნიან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და პოლონეთის (ევროკავშირის დღევანდელი თავმჯდომარე ქვეყნის) ელჩი საქართველოში ურსულა დოროშევსკა.