საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ორგანიზებით, 25-26 მარტს საქართველო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის, MILLENIUM-ის ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს.
ღონისძიება გახსნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, რომელმაც კონფერენციაზე მოწვეულ 25 ქვეყნის 60-მდე დელეგატს სიტყვით მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რონი მესხმა ყურადღება გაამახვილა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინტერპოლს შორის არსებულ მრავალწლიან, სამაგალითო პარტნიორულ ურთიერთობებს.
ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტის, MILLENIUM-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ როგორც სამდივნოს, ასევე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 60-მდე დელეგატი, მათ შორის, აშშ-ის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, იტალიის, სომხეთის, ყაზახეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში დელეგატები განიხილავენ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით დღეისათვის არსებულ გამოწვევებს და იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.
ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტი MILLENIUM-ი მიზნად ისახავს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.