საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. 2025 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 67%-ით, ანუ 459 მილიონი დოლარით მეტია. შედეგად, ეს სექტორი ქვეყანაში სავალუტო ნაკადების შემოდინების მნიშვნელოვან წყაროდ და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობად იქცა და მისი ზრდა გასულ წელს 28.7%-ს შეადგენდა.
2022-2023 წლებში IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, რომლებმაც დაარეგისტრირეს როგორც კომპანიები, ასევე მიიღეს ინდივიდუალური მეწარმეების სტატუსი შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2025 წელს კი 54.5 ათასს მიაღწია.
2025 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც აერთიანებს საშუალო ხელფასი 4,433 ლარს შეადგენდა, რაც სექტორებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს წარმოადგენდა.