აქტუალური
საქართველოში სიმინდის იმპორტი გაორმაგდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში სიმინდის იმპორტი გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში სიმინდის იმპორტმა 4,8 მლნ აშშ დოლარი და 10 000 ტონაზე მეტი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 2,3 მლნ აშშ დოლარი და 5100 ტონა იყო.

სიმინდი ძირითადად რუსეთიდან შემოგვაქვს, მეორე ადგილზე კი თურქეთია. 2026 წლის მონაცემებით, სიმინდის მთავარი ხუთი საიმპორტო ქვეყნები შემდეგია:

რუსეთი - 2,2 მლნ აშშ დოლარი, 9300 ტონა

თურქეთი - 1,3 მლნ აშშ დოლარი, 386 ტონა

საფრანგეთი - 498 900 აშშ დოლარი, 91 ტონა

რუმინეთი - 449 100 აშშ დოლარი - 79 ტონა

ავსტრია - 131 600 აშშ დოლარი - 24 ტონა

2025 წლის ჯამური მონაცემებით კი, საქართველოში სიმინდის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანამ 36 524 ტონა სიმინდი შეიძინა, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს იმპორტი ჯამურად 57 167 ტონას შეადგენდა, ხოლო მისი ღირებულება – 16.7 მლნ დოლარს. შედეგად, სიმინდის იმპორტი ღირებულებაში 11.2%-ით, ხოლო მოცულობაში 36.1%-ით შემცირდა. 2025 წელსაც საქართველოსთვის სიმინდის მთავარი მომწოდებელი რუსეთი იყო.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს ექსპორტი მცირედით შემცირებულია. მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველოდან 447 700 აშშ დოლარის 896 ტონა სიმინდი გავიტანეთ ექსპორტზე, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 488 100 აშშ დოლარის 894 ტონა იყო. ქართული სიმინდის მთავარი საექსპორტო ქვეყანა ირანი იყო, მას მოჰყვება მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი.