საზოგადოება
ის გვაქვს, რაც სომხეთს და აზერბაიჯანს არ აქვს - დავით წიკლაური

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. PMCG-ს კერძო სექტორის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი დავით წიკლაური იმ კონკურენტულ უპირატესობებს ასახელებს, რაც საქართველოს რეგიონის ჭრილში გამოარჩევს. ის ქვეყნის მიერ ფასილიტატორის როლის შესრულებაზე, ზღვაზე გასასვლელის არსებობასა და ანაკლიის პორტის/ქალაქის პროექტზე აკეთებს აქცენტს.

დავით წიკლაურმა საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა, სადაც შუა დერეფნის თემის განხილვისას უპასუხა კითხვას, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რა შეიძლება იყოს საქართველოს კონკურენტული უპირატესობები.

"ალბათ, ფასილიტაციის როლი საქართველოს აქვს და ჰქონია, ანუ კარგად შეუძლია სხვადასხვა მხარეების ერთად დასმა და საერთო ეკონომიკური ხედვის დანახვება და ეს პრინციპში უკვე ხდება, მაგრამ ამ როლის თამაში კიდევ უფრო შეგვიძლია. [ანაკლიის] პორტზე არაა მარტო საუბარი, აქ საუბარი არის ქალაქზეც, რომელიც ეკონომიკასაც შექმნის დამატებით, გადამუშავებას, რაც ქვეყანას უფრო სჭირდება, ანუ აქ მარტო გატარებაზე არაა საუბარი, აქ არის საუბარი შემდგომი ღირებულების დამატებაზე, როგორც შუააზიური ტვირთების ნაწილში, ისე ევროპულის თუ ჩინურის. ანუ ეს ხშირად არ ჩანს ხოლმე დისკუსიაში და მხოლოდ პორტზეა აქცენტი, არადა ჩნდება იქ უფრო მეტი ღირებულება და უნდა ამაზე აქცენტი გაკეთდეს. მათ შორის ზღვა ერთ-ერთი კრიტიკული ფაქტორი არის.

რეალურად, მთავარია ზღვასთან მივიდეს ტვირთი და იქიდან მერე უფრო იაფად მიდის, როგორც ევროპაში, ისე სხვაგან. ანუ ჩვენ ის გვაქვს, რაც არც სომხეთს არ აქვს, არც აზერბაიჯანს, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ალბათ, შავი ზღვის კონტროლი ყველას უფრო სჭირდება, ვიდრე სხვა ინფრასტრუქტურები. იგივე ამერიკული გემების ყოლა შავ ზღვაში გრძელვადიანი კუთხით საინტერესო იქნებოდა. [ანაკლიის პორტის] დაწყება მოიტანს ტვირთსაც, მთავარია ცოტა ტემპები აჩქარდეს, სანამ ამის საშუალება გვაქვს, იმიტომ რომ სხვა კორიდორებიც ახლოს არის", - ამბობს დავით წიკლაური.

bm.ge