საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს „შუა დერეფანში" და რეგიონულ დაკავშირებადობაში ჩანაცვლება შეუძლებელია, ვინაიდან ქვეყანაზე საკვანძო სატრანსპორტო მარშრუტები გადის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ჩინეთთან, თურქეთსა და ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფონზე, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. აღნიშნული მიმართულების შემდგომი გაძლიერების მიზნით, ამჟამად რამდენიმე მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მათ შორის აქტიურ ფაზაშია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანზე, რომელიც რუსეთის მიმართულებით გამავალ სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს.
„საქართველოს ამ შემთხვევაში არაფერი დაუკარგავს, საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე, ღიმილისმომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და იქ მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული. აქ მხოლოდ და მხოლოდ ევროპა წააგებს”,-განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონის სატრანზიტო და დამაკავშირებელი ფუნქცია საქართველოსა და მისი ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია, მათ შორის შავ ზღვაზე გასასვლელის ჩათვლით, რაც ქვეყანას საერთაშორისო სატრანსპორტო ჯაჭვების მნიშვნელოვან რგოლად აქცევს.
„საქართველოს აქვს დიდი უპირატესობები, უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს….შესაბამისად, რაიმე სახის სპეკულაციები საქართველოს როლთან დაკავშირებით უბრალოდ უვიცობაა, მეტი არაფერი. რუკას ვინც კარგად შეხედავს, ძალიან ცხადად ჩანს რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონული თანამშრომლობისა და სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კავშირების განვითარებისთვის.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს ქართულმა მხარემ არაერთი ვიზიტი განახორციელა თურქმენეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოეს მომავალში ვიზიტები ტაჯიკეთსა და ყირგიზეთშიც იგეგმება.
ბოჭორიშვილის თქმით, აღნიშნულ ფორმატს სულ ახლახანს აზერბაიჯანიც შეუერთდა, რის შედეგადაც რეგიონული ურთიერთქმედება, ფაქტობრივად, ექვს სახელმწიფომდე გაფართოვდა.