საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ანაკლიის პროექტი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად. ეს არ არის ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი. პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა ეს პროექტი უსაფრთხო, გამჭვირვალე და დაცული იყოს პოლიტიკური გავლენებისგან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაძის თქმით, ანაკლიის პორტს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ანაკლიაში, ადგილზე, რომელიც უნდა გამხდარიყო საქართველოს ეკონომიკური გაძლიერების, უსაფრთხოებისა და დასავლურ სამყაროსთან რეალური ინტეგრაციის სიმბოლო, მაგრამ უკვე მეშვიდე წელია, აქ არაფერი ხდება. მეშვიდე წელია, ეს პროექტი გაჩერებულია და ყველამ კარგად ვიცით, ეს არ იყო შემთხვევითი. ანაკლიის პროექტი ჩააგდეს. ჩააგდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და, დიახ, რუსული ინტერესების სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს გაძლიერება არ აწყობს. შედეგი სახეზეა: პორტი არ აშენდა, ეკონომიკური შესაძლებლობა და უსაფრთხოების გარანტიები დაიკარგა, თუმცა ყველაზე მძიმე – ანაკლია, როგორც დასახლება, პრაქტიკულად, დაცარიელდა და ხალხმა დატოვა საკუთარი სახლები. დღეს ვითარება იცვლება. დღეს ვხედავთ, რომ საქართველოსთვის გაიხსნა შესაძლებლობის ახალი ფანჯარა. ამაზე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი, საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურება, კომუნიკაციები, რაც ბოლო პერიოდში შედგა და ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ნიშნავს ერთ რამეს – ამერიკის შეერთებული შტატები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავ ხედავს საქართველოს, როგორც საჭირო და საინტერესო სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში. დღეს უკვე მკაფიოდ იკვეთება უფრო დიდი გეოპოლიტიკური სურათი – ტრანსკავკასიური სატრანზიტო მაგისტრალის განვითარების „ტრამპის გზა“, რომელიც უნდა გახდეს ახალი ეკონომიკური და უსაფრთხოების არტერია რეგიონში და ამ გზას ვერ ექნება სრული ფუნქცია საქართველოს გარეშე. ვერ ექნება მომავალი ანაკლიის გარეშე. ანაკლიის პორტი არის ამ სისტემის ბუნებრივი, ლოგიკური გაგრძელება – ეს არის კარიბჭე შავი ზღვისკენ, დასავლეთისკენ, თავისუფალი სამყაროსკენ. სწორედ ამიტომ „ძლიერი საქართველო – ლელო“ აცხადებს მკაფიოდ და პრინციპულად: ეს შესაძლებლობა საქართველომ კიდევ ერთხელ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ანაკლიის პროექტი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად. ეს არ არის ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი. პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა ეს პროექტი უსაფრთხო, გამჭვირვალე და დაცული იყოს პოლიტიკური გავლენებისგან. ანაკლიის პორტს უნდა მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი. ამ პროექტში არ უნდა იყოს ადგილი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებთან. რაც მთავარია, ყველა გადაწყვეტილება, ყველა ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რათა აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც ერთხელ უკვე ვნახეთ. კიდევ ერთხელ, დღეს, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შემდეგ, რეგიონში იქმნება ახალი სატრანზიტო რეალობა. „ტრამპის გზა“ გახდება XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური არტერია და ამ გზამ არ უნდა აუაროს გვერდი საქართველოს. ეს იქნება დანაშაული მომავალი თაობის წინაშე. დღეს კიდევ ერთხელ გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა და არ დავუშვებთ, რომ ეს შანსიც დაიკარგოს. ანაკლია სჭირდება ქვეყანას, ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს და ანაკლია აუცილებლად აშენდება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.