შეცდომაა იმის მიჩნევა, რომ განვლილი წლები ყველაფერზე საუბრის უფლებას გვაძლევს. პირიქით, ასაკთან ერთად, გამოცდილება და პასუხისმგებლობა გვასწავლის ბევრ რამეზე დუმილს, რათა სამშობლოს, მოყვასს არ ვავნოთ.
თქვენ წინაშეა 49 წლის წინანდელი დოკუმენტი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1977 წლის 16 დეკემბრის ოქმი, როდესაც ირჩევდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ხოლო მოსაყდრე გახლდათ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). არა, ჩემი წერილი ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შესახებ არ არის - მოგონებები, რომელთა გაზიარებაც ჩემს ხალხთან საჭიროდ ჩავთვალე ილია მეორის ზეცად ამაღლების შემდეგ, იყო ჩემი ბოლო სიტყვები მასზე და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელიც ჩემთვის სამშობლოს სიმბოლოა. გულწრფელი ურთიერთობის პატივი, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა მარგუნა, ასევე ეროვნული ინტერესები მავალდებულებს, ამიერიდან საიდუმლოდ შევინახო ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა ამ წლების განმავლობაში - მით უმეტეს, რომ პატრიარქი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი იერარქი, რომლებთანაც ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მქონდა, დღეს ჩვენს შორის აღარ არიან.
ჩვენი სარწმუნოება გულმოწყალეა, ჩვენი პატრიარქი უაღრესად კეთილშობილი იყო და არასოდეს მოუცია ჩემთვის შენიშვნა ქართველ სამღვდელოებაზე დაწერილი ზოგიერთი წერილის გამო, რომლებსაც პანეგირიკები ნამდვილად ვერ დაერქმევა. დღეს პატიებას ვთხოვ ყველას, ვისაც ჩემი კრიტიკით ვაწყენინე."ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" - თუ დუმილის პირობა დავდე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ვეთანხმები, როცა სულში უთანხმოებაა, აღსარება და ზიარება ბათილია. არ ნელდება უახლოესი მეგობრების – ქართველი ერის უღირსეულესი შვილების დაკარგვის ტკივილი, მშობლების დაკარგვის ტკივილი, ბოლო ტკივილი კი – ილია მეორეა. მაგრამ რატომ არავინ საუბრობს იმათზე, ვინც არ გამოიგლოვა პატრიარქი, არ გამოვიდა მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად? ვინც გაიხარა მისი წასვლით და იმდენი ცილი სწამა პატრიარქს, რომ ილია დაიღალა და ღმერთს თავისთან წაყვანა სთხოვა?! ვაი, რომ საქართველოში ჯერ კლავენ ილიას, მერე კი წმინდანად რაცხავენ - ეს მათ მოკლეს ილია ჭავჭავაძე, დღეს კი ილია მართლის სახელს ამოფარებულან! ვიცი, ვის აირჩევენ პატრიარქად და ილია მეორის კანონიზაცია მოხდება, მაგრამ განა არ დადგა დრო, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე - გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ვერ მოასწრო ჩვენმა პატრიარქმა?! „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“ – ნუთუ დანაკარგების ტკივილი არაფერს გვასწავლის?! რატომ გვეშინია უარესების, რის გამოც ვკარგავთ საუკეთესოებს?
ეკლესიაშიც კი ყოველთვის ყველაფერი კარგად არ ყოფილა, რაზეც მოწმობს თუნდაც რუის-ურბნისის კრება, რომელიც 9 საუკუნის წინ მეფე დავით IV აღმაშენებელმა მოიწვია. სინოდის სხდომის ოქმიც კი მოწმობს იმას, თუ როგორი დაუცველი ეკლესია ჩაიბარა ილია მეორემ და როგორი დაგვიტოვა მან — უამრავი ეპარქიითა და ტაძრით, მრავალრიცხოვანი სამღვდელოებით, ავტოკეფალიითა და კონკორდატით. დღეს წმინდა სინოდი ბრძნულ არჩევანს გააკეთებს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მსახურების 49 წელი სინათლისა და სიბნელის განუწყვეტელი ბრძოლა იყო, სწორედ ამიტომ უწოდა მან თავის საპატრიარქო მსახურებას „მზიანი ღამე“.
2026 წლის 9 მაისი
საქართველო, თბილისი
![]() |