აქტუალური
კევინ ჰამილტონი: საქართველოსთან დაკავშირებით ჩემი მიზანია განვსაზღვროთ გზები პოლიტიკური დიალოგის გასაზრდელად

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებისადმი ჩემი გზავნილია – თუ შეგვიძლია, საუბარი დავიწყოთ დიალოგზე საერთო ინტერესების, ამ რეგიონისა და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების გათვალისწინებით, მაშინ შეგვიძლია დიალოგის წინ წაწევა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, კევინ ჰამილტონმა უპასუხა კითხვას: „გუშინ შეხვედრა გქონდათ საგარეო საქმეთა მინისტრთან, დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ხვდებით, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მათთვის?“

ნატო საქართველოში, სამ ათეულ წელზე მეტია, წარმოდგენილია ძალიან პოზიტიური პრაქტიკული, პოლიტიკური თანამშრომლობით. საქართველოსთან დაკავშირებით ჩემი მიზანია, გაგრძელდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და აღმოვაჩინოთ, განვსაზღვროთ გზები პოლიტიკური დიალოგის გასაზრდელად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიალოგი ორივე მხრიდან გარკვეულწილად თავშეკავებული იყო. საქართველოს ხელისუფლებისადმი ჩემი გზავნილია – თუ შეგვიძლია, საუბარი დავიწყოთ დიალოგზე იმავე ენით, საერთო ინტერესების, ამ რეგიონისა და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების გათვალისწინებით, მაშინ, ვფიქრობ, შეგვიძლია დიალოგის წინ წაწევა“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.