საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი კრემლში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან ბადრა გუნბა შეხვედრისას განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა. პუტინის თქმით, ეს „კარგი მაჩვენებელია“ და ურთიერთობებში „პოზიტიური ცვლილებები“ შეინიშნება.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბადრა გუნბა აფხაზეთს უკვე წელიწადზე მეტია ხელმძღვანელობს და ამ პერიოდში „პოზიტიური ცვლილებები“ მოხდა. მისი თქმით, მიუხედავად ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდისა, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაჭრელი.
შეხვედრა კრემლში „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. პუტინმა ასევე ისაუბრა მეორე მსოფლიო ომში აფხაზეთის მცხოვრებთა მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ 55 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა ომში, ხოლო 23 მათგანს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
თავის მხრივ, ბადრა გუნბამ პუტინს მადლობა გადაუხადა სოხუმის აეროპორტის აღდგენისა და რუსეთ-აფხაზეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, 2025 წელს რეგულარული რეისებით 120 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს.
დე ფაქტო ლიდერის განცხადებით, სოხუმიდან პირდაპირი ფრენები სრულდება მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ხანტი-მანსიისკის, უფისა და ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით, უახლოეს პერიოდში კი ავიამიმოსვლის გაფართოება იგეგმება.
netgazeti.ge