საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევი შეხვდა, რომელიც რუსეთის მიერ „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 81-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ხელი მოაწერეს „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმებას.
კრემლის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ “ოსებს საბჭოთა კავშირის გმირების რაოდენობით მოსახლეობის პროპორციულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთიდან ფრონტზე წასულთა თითქმის ნახევარი ომიდან აღარ დაბრუნებულა”.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები „პოზიტიურად ვითარდება“ და გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტზე მეტით გაიზარდა და ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ მხარეს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ალან გაგლოევმა პუტინს მადლობა გადაუხადა მიწვევისა და მიღებისთვის, ასევე მეორე მსოფლიო ომის მემორიალებისა და სასკოლო მუზეუმების აღდგენისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერის გამო. მისივე თქმით, “სამხრეთ ოსეთში დასრულდა საინვესტიციო და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ერთი ეტაპი და იწყება ახალი პროგრამების განხორციელება რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით”.
გაგლოევმა ასევე განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს „ახალ დონეზე“ გადაიყვანს.
დე ფაქტო ლიდერის თქმით, სამხრეთ ოსეთი რუსეთს „დიდ სამშობლოდ“ აღიქვამს და მიმდინარე შეთანხმება „ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი“ იქნება.
netgazeti.ge