სამართალი
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც „საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ კურსს გმობს და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს“.

როგორც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გვერდზეა აღნიშნული, რეზოლუცია მოითხოვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას იქამდე, ვიდრე ქვეყანა პოლიტიკურ კრიტერიუმებს, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დააკმაყოფილებს.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და ბიძინა ივანიშვილის, მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას“.

ამასთან, „რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად გამოიყენება და ევროკავშირს მოუწოდებს აღნიშნულის გათვალისწინებას სანქციების შემდეგ პაკეტში“.

ამასთან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა აღნიშნავს, რომ რეზოლუციას სამართლებრივი ძალა არ აქვს, თუმცა ის საფრანგეთის პოზიციას ასახავს ევროკავშირის საბჭოში მოლაპარაკებების დროს.