უცხოეთი
მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ჩეხეთში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ალფეევის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი 24 მაისს კარლოვი ვარიში დააკავეს.

ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა, პირადად მიმართოს არხის გამომწერებს. კარლოვი ვარიში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ვაქვეყნებთ ინფორმაციას დაცვის მხარისგან.

ალფეევის მხარის ცნობით, მიტროპოლიტი ნარკოტიკებთან კავშირს უარყოფს.

„24 მაისს, კარლოვი ვარიში მდებარე წმინდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს მართლმადიდებლური ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც მიტროპოლიტი ილარიონი და მისი თანმხლები ოპერატორი იმყოფებოდნენ.

მიტროპოლიტისა და მისი დაცვის მხარის თქმით, პოლიციის თანამშრომლებს ავტომობილის გაჩერების მკაფიო მიზეზი, რაც შესაძლო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას უკავშირდებოდა, არ უცნობებიათ და დაუყოვნებლივ შეუდგნენ ავტომანქანის შემოწმებას.

დათვალიერებისას საბარგულში აღმოაჩინეს ოთხი მცირე ზომის კონტეინერი თეთრი ფერის ნივთიერებით. ნივთიერების შემადგენლობა, წარმომავლობა და ხასიათი მხოლოდ კომპეტენტურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

მიტროპოლიტი ილარიონი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ კავშირს აკრძალული ნივთიერებების უკანონო შენახვასთან და მომხდარს პროვოკაციად მიიჩნევს“, – ნათქვამია ალფეევის ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავად ალფეევი აცხადებს, რომ მისთვის ნარკოტიკებთან კავშირი ვარაუდის დონეზეც კი შეურაცმყოფელია.

„მე არანაირი კავშირი არ მაქვს და არც არასდროს მქონია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან. ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, ამგვარი ვარაუდიც კი ცალსახად მცდარია. მე მოვითხოვ მომხდარის სრულ, დამოუკიდებელ და პროცედურულად უზადო შემოწმებას“, — განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ილარიონ ალფეევი არც საქართველოს ეკლესიისთვისაა უცნობი პირი. სწორედ მიტროპოლიტი ილარიონი იყო ის ადამიანი, რომელიც ღიად მიანიშნებდა საფრთხეებზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში დაემუქრება. 2018 წელს ალფეევი საქართველოში იმყოფებოდა და ოფიციალური ინფორმაციით მისი ვიზიტის მიზეზი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან უკრაინის ეკლესიის საკითხის განხილვა.

ილარიონ ალფეევი ცოტა ხნის წინ თბილისს კვლავ სტუმრობდა, ის პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსული რუსული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა.

netgazeti.ge