პოლიტიკა
საქართველო და იტალია ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ

 საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მერმა კახა კალაძემ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელთან სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა განიხილა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე იმსჯელეს.

ალბათ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ იტალიასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტნიორ-ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ვიცავთ“, — განაცხადა მან.

თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იტალიის მზაობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.

იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. იტალია მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროსტრუქტურებში“, - აღნიშნა ედმონდო ჩირიელიმ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო დაესწრო.