საზოგადოება
„ისტორიული სიმართლის სრული დავიწყება შეუძლებელია“ - აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ ოფიციალური კომენტარი გააკეთა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.

გამოძიების დაწყების მიზეზი, რომელიც საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო, 1992–1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ ბარამიძის საჯარო გამონათქვამები გახდა. სამხედრო ტყვეების გაცვლის თემაზე საუბრისას, ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე ვერ ახორციელებდა გაცვლას, რადგან აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა. ა.რ. (აფხაზეთის რესპუბლიკის) საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბარამიძის სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს ატარებს და გამიზნულია, რომ იქცეს გაფრთხილებად ყველასთვის, ვინც მზად არის ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიაზე და მის მსვლელობაში ჩადენილ დანაშაულებზე. აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური უწყების აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ზეწოლის მცდელობას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ მზადყოფნას ავლენს წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის. სამინისტროში აღნიშნეს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა მრავალი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად აცხადებს 1992–1993 წლების დანაშაულებების აღიარების, მათი ყოველმხრივი გამოძიებისა და საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასების აუცილებლობის შესახებ.

„წარსული მოვლენების კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი გააზრების ნაცვლად, ქართული საზოგადოების ნაწილი კვლავაც აგრძელებს ჩადენილი დანაშაულების უარყოფას და ცინიკურად ანაცვლებს მათ პოლიტიზებული ინტერპრეტაციებით. თუმცა, ისტორიული სიმართლის სრული დავიწყება შეუძლებელია. დროთა განმავლობაში მოვლენების ობიექტური შეფასებები სულ უფრო მეტ დადასტურებას იღებს, მათ შორის ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც მზადყოფნას ავლენს, აღიაროს დაშვებული შეცდომები, ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების ჩათვლით“, – ნათქვამია კომენტარში.

ისტორიული ფაქტების საჯარო განხილვის შეზღუდვის მცდელობებს არ ძალუძთ შეცვალონ ისტორიული მეხსიერება და მომხდარი მოვლენების ობიექტური შეფასება, მიაჩნიათ ა.რ. საგარეო საქმეთა სამინისტროში. „მსგავსი ქმედებები მხოლოდ ადასტურებს საქართველოს ცალკეული პოლიტიკური ძალების მზადყოფნის არარსებობას 1992–1993 წლების მოვლენების ღია და პასუხისმგებლიანი გააზრებისთვის“, – აღნიშნულია კომენტარში, იუწყება АПСНЫПРЕСС.