საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები, ასევე გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ, რათა პატივი მიეგოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლებმა ის ადგილები მოინახულეს, რომლებიც ადგილობრივი საზოგადოების გამძლეობისა და მედეგობის სიმბოლოს წარმოადგენს: ერგნეთის ომის მუზეუმი, ნიქოზის კლდეზე ცოცვის კლუბი და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, სადაც შეხვდნენ მეუფე ისაიას.
„ჩვენი გზავნილი დღეს მკაფიოა: ეს ვიზიტი განხორციელდა ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ დროს, რომელთა შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ხსოვნა მხოლოდ წარსულის გახსენებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც ყოველდღიურად აგრძელებენ ოკუპაციის შედეგებთან ერთად თანაცხოვრებას“, - წერს საფრანგეთის საელჩო.