საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს თბილი მისალმება და კეთილი სურვილები გადასცა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
„თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალმა და საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მინდა პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ თქვენ და თქვენს ქვეყანას ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები.
შემთხვევით ვსარგებლობ და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა, რომ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება.
ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გზავნილში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგას კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მრავალწლიანი ურთიერთობები და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაზე საერთო პასუხისმგებლობა აკავშირებთ.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.