სამართალი
საკანონმდებლო ინიციატივა: არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შედის. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მეექვსე დღისა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოავლინონ არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბანი და ჩაატარონ ხმების ხელახალი დათვლა.

ცვლილებების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) შეაჯამებს, რომელიც ასევე დამოუკიდებლად გააფორმებს შემაჯამებელ ოქმს.

პროექტით ზუსტდება, რომ ახლად არჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრებისა და მერების უფლებამოსილების დაწყების ვადა შეადგენს არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ცხრა დღეს ნაცვლად დღეს მოქმედი 14 დღისა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშების წარდგენის ვადების ცვლილებას.

შესწორებების თანახმად, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით მიიღებს არჩევნების შედეგების განაწილებაში მონაწილეობისთვის კანონით დადგენილ ხმების აუცილებელ რაოდენობას, ვალდებული იქნება აღნიშნული ანგარიში წარადგინოს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-12 დღისა ნაცვლად დღეს მოქმედი მეხუთე დღისა.