სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსში აღარ არის – ირაკლი ფავლენიშვილის განცხადება

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ალიანსში ისედაც აღარ იყო. როგორ შეიძლება ვინმე გაირიცხოს იმ გაერთიანებიდან, რომელშიც ისედაც აღარ იყო? როგორ შეიძლება ვიყოთ იმ ალიანსის ლოგოზე, რომლის წევრებიც არ ვართ?“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ ალიანსში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს და მის ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებს.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ალიანსში საკუთარ თავს ვეღარ ვხედავთ და აღარ ვართ მისი წევრები. ეს განცხადებები საჯაროდ ხელმისაწვდომია. მხოლოდ ჩემს განცხადებებსაც რომ არ დავეყრდნოთ, მსჯელობა იმაზე, რომ თითქოს ვიღაცამ გამრიცხა, ბავშვურია. ბოლო თვეებში ჩვენ არც შეხვედრებში, არც რაიმე ღონისძიებაში არ ვმონაწილეობთ და საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ადამიანებთან არ გვაქვს. მათ შორის, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ალიანსში არ ვართ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

კითხვაზე, გარიცხეს თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსიდან“, ფავლენიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ალიანსიდან გარიცხვასა და მისგან ნებაყოფლობით გამოსვლას შორის განსხვავება არ არსებობს.

„ჩვენთვის არანაირი განსხვავება არ არის გარიცხვასა და ალიანსიდან გამოსვლას შორის. სიტუაცია მარტივია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აღარ შედიოდა ალიანსში. ის არ მონაწილეობდა არცერთ ფორმატში და ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ აღარ ვართ ალიანსის წევრები. არ ვიცი, კიდევ რა მტკიცებულებაა საჭირო იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი ნებით შევწყვიტეთ ალიანსის წევრობა“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილმა ასევე უპასუხა „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას:

„ეს ადამიანი ცდილობს პირადი სიძულვილი გამოავლინოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე არ ვაპირებ მუდმივად ვუპასუხო ასეთ ბავშვურ ბრალდებებს. თითქოს ისეთი მაგრები არიან, რომ ალიანსიდან გაგვრიცხეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისედაც აღარ იყო ამ ალიანსში. როგორ შეიძლება გაგრიცხონ იქიდან, სადაც არ ხარ? ჩვენ არცერთ შეხვედრაში არ მიგვიღია მონაწილეობა. XXI საუკუნეა, შეგიძლიათ მიმართოთ არქივს და გაეცნოთ ჩემს, ანი წითლიძისა და სხვა პოლიტიკოსების განცხადებებს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის: „ოპოზიციის ალიანსმა“ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ახალი სურათი, სადაც აღარ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო, რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა: „ჩვენი კარები ღიაა ყველასთვის, ვინც წესებს დაიცავს“.