საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე ენერგომატარებლების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ეფუძნება დაშვებას, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება დასტაბილურდება და კონფლიქტით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა ეტაპობრივად შესუსტდება, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ამ მიმართულებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და ინფლაციური რისკები მწვავედ რჩება.
როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ გარე შოკების გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორეული ეფექტების წარმოშობის რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზადაა, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.
„ჩვენი მიზანია, გარე შოკების ამოწურვის შემდეგ ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია, ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შეამციროს და ნეიტრალურ დონემდე დაიყვანოს.