საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა, — ამის შესახებ ინფორმაციას „როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათმა წარმომადგენლებმა ქართული სატესტო ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და შეისწავლეს რუსეთში გასატანი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა.
„კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენ რაოდენობებს იკვლევს. მათ შეაფასეს ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და შენობა-ნაგებობების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან“, — აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტში ეწვია თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთ ობიექტს.
„აუდიტის შედეგების საფუძველზე, როსსელხოზნადზორი ლაბორატორიას გაუგზავნის აუდიტის აქტს, რომელიც დაადასტურებს მის კომპეტენციას, კვლევის მეთოდებისა და მიღებული შედეგების სანდოობას. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ინფორმაციის გაცვლას გააუმჯობესებს და უსაფრთხოების კონტროლს გააძლიერებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.