აქტუალური
ბათუმი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო გემი „ფილიპინ სის“ ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვის გემებთან ერთად წვრთნებს გამართავს.
აღნიშნული ვიზიტი აშშ-ის არმიისა და საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონული სტაბილურობისა და საზღვაო პარტნიორობის განმტკიცებას ისახავს მიზნად. გემს აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯით ბრინკი დახვდება.„ფილიპინ სი“ „ტიკონდეროგა“ კლასის სამხედრო გემია. მას სახელი მეორე მსოფლიო ომისას ფილიპინების ზღვაში გამართული ბრძოლის პატივსაცემად მიენიჭა და ამ სახელწოდების ტარების პატივით დაჯილდოებული მეორე გემია.
ბათუმის ნავმისადგომთან გემის ეკიპაჟს ადგილობრივი ხელისუფლება და ბათუმელები დახვდებიან. ეკიპაჟის წევრები ბათუმში დაგეგმილ ერთ-ერთ საზოგადოებრივ პროექტშიც ჩაერთვებიან.