თბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ამ ბოლო ხანს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაციები ვრცელდება.
მსჯელობდნენ არა მხოლოდ თბილისის საკრებულოში, არამედ ევროპის ბანკებშიც. როგორც ახლახან საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ევროპის ბანკებმა „თბილისის შემოვლითი რკინიგზის“ პროექტის დაფინანსება შეწყვიტეს.
შპს „საქართველოს რკინიგზამ“ „თბილისის შემოვლითი რკინიგზის“ პროექტის განსახორციელებლად დაფინანსების ძირითადი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიიღო. პროექტის ღირებულება თავდაპირველად 300 მლნ ევროს შეადგენდა, თუმცა 2010 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მლნ ევრო კრედიტის სახით დამატებით გამოყო პროექტის დასაფინანსებლად. პროექტი გულისხმობდა რკინიგზის შემოვლითი ხაზის აშენებას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა ამ ეტაპზე ევროპის ბანკებმა პროექტის დაფინანსება შეაჩერეს. ამის მიზეზად კი სახელდება შპს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან კორუფციული საქმიანობა, რის შესახებაც ცნობილი გახდა პროექტის სპონსორებისთვის. კერძოდ, საუბარია ხარჯების ხელოვნურად გაზრდაზე და ამ გზით მილიონობით ევროს მითვისებაზე.