აქტუალური
ტელეკომპანია ,,თრიალეთზე“ მორიგი ზეწოლა განხორციელდა

trialetiiiiთბილისი, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „თრიალეთი“  მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს ტელეკომპანიაში უკანონო შეჭრასა და რეიდის ჩატარებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით „თრიალეთი“ სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც „ალფა კომის“, ყოფილი ტელეცენტრის, მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას ეხებოდა, სწრაფი რეაგირება მოჰყვა და ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ოფისში მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები ჩართული კამერით შეიჭრნენ სიხშირეების შემოწმების საბაბით.

„თრიალეთის“ დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა კომისიის წარმომადგენლებს ადგილზევე განუმარტა, რომ ისინი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდნენ და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო „თრიალეთის“ ობიექტურ მუშაობასთან. „ვიცით, რომ ეს დავალებაა და ბარემ პირდაპირ გაგვთიშეთ, რაღას გვაწვალებთ, იმასაც ვხვდებით, რომ ამას თქვენი ნებით არ აკეთებთ და გაკეთებინებენ, ჩვენ სპეცნაზს ველოდით, ვიღებდით ამის შესახებ გამაფრთხილებელ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს, მაგრამ თუ თქვენ აღმოჩნდებოდით მათ როლში, ამას ვერ წარმოვიდგენდით“.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინათ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ტელეკომპანია „თრიალეთის“ დირექტორს ქუჩური გარჩევებით დაემუქრა.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ სადამსჯელო ოპერაციას მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი რატიშვილი ხელმძღვანელობდა.

ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიმართ ზეწოლებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. ხელისუფლება ყველა ბერკეტით ცდილობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას“.