აჭარა, 11 ნოემბერი, საქინფორმი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ხვალიდან კიდევ უფრო აცივდება. დღეს კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოსა და მთაში კი მოთოვს. თბილისში სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ. ტემპერატურა დედაქალაქში 7-8 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოში 3-8 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში კი – 4-9 გრადუსი. სპეციალისტების პროგნოზით, მერყევი ამინდი საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდვებით ხორციელდება. მოძრაობა შეზღუდულია გუდაური-კობის ავტოსატრანსპორტო მონაკვეთზეც. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით; ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს ზვავდამცავი გვირაბების გავლით.