თბილისი, 17 ნოემბერი,საქინფორმი. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე პარლამენტში ელის. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, „მას შემდეგ, რაც გიორგი ქადაგიძემ პარლამენტში თქვა, რომ მზად არის, „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებით შეხვდეს ნებისმიერ ფრაქციას და მიაწოდოს ინფორმაცია, „ერთობა სამართლიანობისთვის“ მასთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა – უშედეგოდ.
სხდომაზე მიწვეული არიან უფლებათა დამცველები და საბანკო სექტორების წარმომადგენლები.
მართალია, ქადაგიძე პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რამდენჯერმე მიიწვიეს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ის დღეს 13:00 საათისათვის პარლამენტში მივა, მაგრამ არა „ქართუ ბანკში“ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ და არა ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – გაფართოებულ სხდომაზე.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელ ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, ქადაგიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციური ფრაქციის სხდომის პარალელურად იმართება. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საკომიტეტო სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო პროექტთან დაკავშირებით არის მიწვეული.