აქტუალური
თბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმება სავიზო რეჟიმის შეცვლის შესახებ ძალაში 10 დეკემბერს შევა.
როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ოქმი, რომელსაც 2011 წლის 31 მაისს სარფში მოეწერა ხელი, 10 დეკემბერს შევა ძალაში.
„აღნიშნული ოქმის მიზანია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ორ სახელმწიფოს შორის მიმოსვლის გამარტივება“, – აცხადებს კალანდაძე.
მისივე თქმით, ოქმის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული და ქართული და ინგლისურენოვანი საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეეძლებათ მხოლოდ პირადობის მოწმობების მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. კალანდაძის განცხადებით, ოქმი ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მეზღვაურთა და მფრინავთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი დოკუმენტებით საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობასაც.