„მაესტროსთვის“ მოზიდული თანხის ნაწილი პატარკაციშვილის ქვრივს ეკუთვნოდა
თბილისი, 2 დეკემბერი,
საქინფორმი. ეს განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ტელეკომპანიაში ყველა ფინანსები მოდიოდა მართვის კომპანიიდან, პირადად ჩემგან, მე ამ ფინანსების მობილიზებას ვახდენდი ჩემი საკუთარი რესურსით, ჩემი მეგობრების ფინანსებით და შემოწირულობებით. ბევრი ადამიანი დაეხმარა „მაესტროს“ ჩემი, როგორც პროფესიონალის, რეპუტაციის გამო. მათ შორის ერთ-ერთი იყო, მიუხედავად წარსულში არსებული ურთიერთობისა, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე“, – განაცხადა კიწმარიშვილმა და აღნიშნა, რომ გუდავაძემ „მაესტროს“ დახმარების მიზნით სპეციალური ფონდიც კი ჩამოაყალიბა.
მისივე თქმით, ბიზნესმენი კოტე გოგელია მისი მეუღლის, მაკა ასათიანის, სახით ახორციელდება ტელევიზიაში შენატანს, თუმცა ეს ითვლებოდა მართვის კომპანიის შენატანად. „როცა ვამბობ, რომ 4,5 მლნ აშშ დოლარი მე მოვიტანე „მაესტროში“, ეს სიმართლეა. დიახ, მე მოვიტანე 4,5 მლნ აშშ დოლარი“, – აღნიშნა კიწმარიშვილმა.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებმა და მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა ეროსი კიწმარიშვილმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკება ტელეკომპანიის ოფისში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონსულტაციებში მედიატორის როლს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ასრულებდა, თუმცა ორგანიზაციამ დაპირისპირებული მხარეების მორიგება ვერ შეძლო. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა თანამშრომლებთან ერთად ტელეკომპანიის ოფისი დატოვა. მათ რადიო „მაესტროში“ გადაინაცვლეს, რომლის სტუდიიდანაც განაგრძობს ტელეკომპანია „მაესტრო“ მაუწყებლობას.