აქტუალური
თბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი რომ „იდეების გენერატორია“, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება, თუმცა სააკაშვილის გუშინ გახმიანებულმა იდეამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. 2011 წლის 21 დეკემბერს იუბილარმა პრეზიდენტმა ბათუმში სკანდალური ქანდაკებებით ცნობილ სკულპტორ თამარ კვესიტაძესთან ერთად ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი ახალი მოძრავი ქანდაკება „როტაცია“ მოინახულა, რომელიც, როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, 865 ათასი ლარი დაჯდა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის სათნოების სახლს ესტუმრა და მოხუცებს უცხოელი მეგობრების ნაჩუქარი ხიზილალითა და ესპანური ყველით გაუმასპინძლდა.
საქართველოს პრეზიდენტი ხანდაზმულებს გაესაუბრა და მათ ახალი საპრეზიდენტო პროგრამის – „ღიმილიანი საქართველოს“ – ინიციატივა გააცნო, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთათვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის დავალებით, აჭარაში იმ ადამიანთა სრული აღრიცხვა დაიწყება, რომლებსაც ამ მხრივ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. „ის ადამიანები, რომლებიც სათნოების სახლის მომსახურებით სარგებლობენ და ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აღვრიცხოთ. მათთვის გამოვყოფთ თანხას, რათა სტომატოლოგიური პრობლემები მოვუგვაროთ. მინდა, ყველა ასაკოვანი ადამიანი იღიმებოდეს... ახალმა პროგრამამ – „ღიმილიანი საქართველო“ – ყველა ქალაქი და სოფელი უნდა მოიცვას. თავის მხრივ, ეს პროგრამა დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, – სწორედ ასეთია პრეზიდენტის ახალი იდეა, რომელიც ალბათ, დარწმუნებულია, რომ თუ მოხუცს, რომელიც გაჭირვების გამო სათნოების სახლს ყოველდღიურად სტუმრობს, კბილებს ჩაუსვამს, გააბედნიერებს მას და არჩევნებში ასეთი მოხუცების წყალობით მეტ ხმას მოიპოვებს, თუმცა ახალი და კარგი იდეები რომ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება „ნაცმოძრაობას“, ეს ალბათ, ამომრჩევლის მოსყიდვას არ გულისხმობს.