აქტუალური
თბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მოთხოვნით ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
როგორც ფრაქციაში აცხადებენ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას დაინტერესდნენ, რატომ იზრდება 2011 წლის ბოლომდე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 40 მილიონამდე ლარით.
ოპოზიციონერების თქმით, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ მაშინ დეპუტატებს ამ საკითხის ნდობის ჯგუფში განხილვა ურჩია. სწორედ ამის გამოა, რომ დღეს არის დანიშნული ნდობის ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც დეპუტატები 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზეზებსა და მიზნებზე ინფორმაციას მოისმენენ. ცვლილებები კი სწორედ თავდაცვის უწყების დაფინანსების 40 მილიონამდე ზრდას გულისხმობს. ინფორმაციას ნდობის ჯგუფის წევრებს, სავარაუდოდ, თავად თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია გააცნობს. სხდომა პარლამენტში 17:00 საათისთვის არის დანიშნული.