თბილისი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთი მზადაა, საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტი გახსნას.
„Российская Бизнес-газета“-ს ცნობით, მოსკოვში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საინვესტიციო პროექტებისა და ტვირთების გამოფენა გაიმართა.
ამავე დროს, მისივე ინფორმაციით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი მიმდინარეობდა, რომელზეც პირველად თავისი ტვირთები და პროექტები ირანმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა წარმოადგინეს.„აღნიშნულ ღონისძიებებამდე რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციის დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველ რიგში, აფხაზეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტი გახსნას, თუმცა ეს მხოლოდ აფხაზეთზე არ არის დამოკიდებული. მეორეც, სომხეთსა და საქართველოს შორის ამასწინანდელი მოლაპარაკებების დროს მხარეები ბათუმი-გიუმრის შორის 400-კილომეტრიანი სარკინიგზო პროექტის რეალიზებაზე შეთანხმდნენ. ექსპერტების შეფასებით, ეს ურთიერთდამოკიდებული პროექტები რუსეთ-საქართველო-სომხეთ-ირანს შორის ორივე მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მინიმუმ ორჯერ გაზრდის საშუალებას იძლევა და, ფაქტობრივად, ძირითადი ტრანსკავკასიური კორიდორი აღდგება, რომელიც 1992 წლიდან აღარ მოქმედებს“, – წერს „Российская Бизнес-газета“.
მისივე ცნობით, რეგიონულ გამოფენაზე პირველად მიწვეულმა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა თავისი ტვირთებისა და საინვესტიციო პროექტების ფართო ექსპოზიციები წარმოადგინეს.
„რუსეთში აფხაზეთის სრულუფლებიანი ელჩის – იგორ ახბას, აზრით, აფხაზეთი მსგავს გამოფენაზე პირველადაა მიწვეული, რამდენადაც აფხაზეთის პროექტებისა და შესაძლებლობებისადმი უცხოური სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული ბიზნესის ინტერესი იზრდება. აფხაზური დელეგაციის განცხადებით კი, საზღვარგარეთის ქვეყნები და ფირმები, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის, აფხაზეთის საექსპორტო პოტენციალს, საკურორტო და სატრანზიტო შესაძლებლობებს აქტიურად სწავლობენ. ეს ინტერესი გაიზრდება, თუ რუსეთ-აფხაზეთ-საქართველო-სომხეთს შორის სარკინიგზო გზა აღდგება“, – წერს გამოცემა და დასძენს, რომ, არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს სომხეთი მხარს უჭერს, თუმცა ამ საკითხზე სახელმწიფოთაშორისი კონსულტაციები ჯერჯერობით არაოფიციალურია.