აქტუალური
პოლიტიკური მოსყიდვისთვის სასჯელის ფორმა მკაცრდება

1mosyidvaთბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა 27 დეკემბერს პირველი და მეორე მოსმენებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება მიიღო, რომლითაც მკაცრდება სასჯელის ფორმა იმ შემთხვევებზე, რომლებიც პოლიტიკურ მოსყიდვას ეხება.

სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის დებულებაში ცვლილების პროექტის თანახმად, „პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების, ანდა სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება, აგრეთვე, მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით“, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

ამ დებულებით გათვალისწინებულ უკანონო ქმედებებში ჩართული იურიდიული პირი ისჯება „ლიკვიდაციით“.

როგორც დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა 27 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, ლიკვიდაცია შეეხებათ იურიდიულ პირებს, გარდა პოლიტიკური პარტიებისა. თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია, თუ რა სანქცია იქნება გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მიერ ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში.

სისხლის სამართლის კოდექსის იმავე დებულების ამჟამად არსებული ფორმულირება მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდს ეხება და კრძალავს მატერიალური სარგებლის შეთავაზებითა და გადაცემით ამომრჩეველთა წაქეზებას, რათა მათ ხმა მისცენ რომელიმე საარჩევნო სუბიექტს ან თავი შეიკავონ არჩევნებში ხმის მიცემისგან. არსებული კოდექსით, ამგვარი ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.

ამ დებულების ახალი ფორმულირებით დასჯადია პოლიტიკური მიზნით ფულის ან სხვა რაიმე სახის სარგებლის მიღებაც; ამგვარი ქმედებაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღვეთით ვადით სამ წლამდე.

ოპოზიციურმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს ცვლილება და მას „ბუნდოვანი“ უწოდეს, რაც, მათი თქმით, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა; განსაკუთრებით კი, ეს ეხებოდა ფორმულირებას – „პოლიტიკური მიზნით“.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა საპარლამენტო მოსმენის დროს, რომ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, მათ შორის, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან, რათა ეს ფორმულირება უფრო კონკრეტული და მკაფიო გახდეს. მისი თქმით, საბოლოო ფორმულირება პროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცებამდე იქნება მზად.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მიმდინარეობს განხილვა იმ მაქსიმალური წლიური თანხის დასადგენად, რომლის გაცემაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ სხვადასხვა საქმიანობის ფარგლებში, მაგალითად, დღესასწაულების დროს, რაც არ ჩაითვლება პოლიტიკურ კორუფციად.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილება რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციამაც გააკრიტიკა.

ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადეს, რომ „კერძო სექტორისთვის დადგენილი შეზღუდვები, გარკვეულწილად, აღნიშნული სექტორის ბუნებისათვის შეუსაბამოა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი ჩადენილ დარღვევასთან მიმართებაში“.

მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ „კანონპროექტებით არ ხდება ცალკე სპეციალური მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ისეთი დარღვევების ჩადენისათვის, როგორებიცაა საჯარო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება“.