აქტუალური
ქდმ: „ახალი კანონი ოპოზიციის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“

axvlediani12345თბილისი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების დაბრუნება მოუწევთ. კანონში არ ჩაწერილა, რომ ახალ რეგულაციებს „უკუძალა“ აქვს, თუმცა ერთგვარი უკუძალის მარეგულირებელი ნორმა მაინც დაემატა. კანონპროექტის საბოლოო და უკვე დამტკიცებულ რედაქციაში ჩაიწერა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში“. კანონის ეს ნორმა ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონი კი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნდება.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილებების შეტანას უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება ოპოზიციის მხრიდან. „ქრისტიან-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. როგორც პარტიის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, კანონში ბევრი ისეთი დეტალია, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მდგომარეობას ფინანსური თვალსაზრისით და დაფინანსების პერსპექტივის კუთხით აუარესებს.

„ეს არის, ზოგადად, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება, პარტიების არაკონკურენტუნარიან გარემოში ჩაყენება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება საარჩევნო პერიოდში ხარჯავს 100-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი, ამიტომ „ქრისტიან-დემოკრატები“ და საპარლამენტო ოპოზიცია ამას მხარს ვერ დავუჭერდით“, – აღნიშნა ახვლედიანმა.