აქტუალური
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.8 მილიარდია

11valebiთბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, ის იწყებს საგარეო ვალის შესახებ დამატებით კიდევ ერთი ცხრილის პუბლიკაციას, რომელშიც საგარეო ვალის ნაშთების გარდა ასახულია საგარეო ვალის ცვლილების დეტალები. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლეა საგარეო ვალის სტატისტიკაში, კერძოდ, ეროვნული ბანკი ამზადებს და იანვრიდან იწყებს საგარეო ვალის მომსახურების გრაფიკის პუბლიკაციას. გადახდის გრაფიკები (ძირითადი ვალისა და პროცენტის) გამოქვეყნდება საანგარიშო პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს მე-100 დღისა. შესაბამისად, 2012 წლის 10 იანვრამდე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებული საგარეო ვალის მომსახურების გრაფიკის შესახებ.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 10.8 მილიარდი აშშ დოლარი (17.9 მილიარდი ლარი) შეადგინა. აქედან, 3.6 მილიარდი აშშ დოლარი (5.9 მილიარდი ლარი – 33.2%) იყო სამთავრობო სექტორის ვალი; 866.6 მლნ აშშ დოლარი (1.4 მილიარდი ლარი – 8.0% ) – ეროვნული ბანკის; 2.0 მილიარდი აშშ დოლარი (3.2 მილიარდი ლარი – 18.1%) – საბანკო სექტორის; 1.9 მილიარდი აშშ დოლარი (3.1 მილიარდი ლარი – 17.4%) – სხვა სექტორებისა და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი (4.2 მილიარდი ლარი – 23.3%) – კომპანიათაშორისი ვალი.

მთლიანი საგარეო ვალის 95.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.