აქტუალური
დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა

12inflationთბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქსტატი ატყობინებს, წლიური ინფლაცია დეკემბერში 2 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, ძირითადად, ტრანსპორტზე, საწვავსა და საკვებ პროდუქტებზე ფასებმა განაპირობა.

ნოემბერში წლიური ინფლაცია 1.9 პროცენტს შეადგენდა.

დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

ტრანსპორტისა და საწვავის ფასები ინფლაციის კვლავაც მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენდა დეკემბერში, როცა ტრანსპორტზე ფასები 22.4 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო საწვავზე – 10 პროცენტით.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე დეკემბერში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოს წლიურმა ინფლაციამ კლება ივნისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მაისში მისმა მაჩვენებელმა 14.3 პროცენტს მიაღწია.

ამავე დროს, დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.75 პროცენტამდე, შეამცირა.

„მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა და 7.5 პროცენტი შეადგინა. თუმცა მთლიანი გამოშვების პოტენციური დონიდან გადახრა კვლავ უარყოფითია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთობლივი მოთხოვნის აღნიშნული ზრდა ინფლაციის რისკებს არ შეიცავს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 21 დეკემბერს.

„მეოთხე კვარტალში ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების ტემპი შენელდა, რაც აისახება შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტენდენციები მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს, შემცირდა ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი“, – აღნიშნა კომიტეტმა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია 2012 წლის პირველ ნახევარში დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო ზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის ზომიერი ზრდა.