აქტუალური
მარტვილის ბიუჯეტის ხარჯები

11zugdidis-biujetiზუგდიდი, 5 იანვარი, საქინფორმი. მარტვილის ადგილობრივმა მთავრობამ 2011 წლის პირველ და მეორე კვარტალში 38 ათასი ლარის საწვავი მოიხმარა. ყველაზე მეტი საწვავი გამგებელმა მამუკა დანელიამ გახარჯა, რომლის ღირებულებაც თანხობრივად 12 ათას ლარამდე შეადგენს.

მობილური კავშირის განსახორციელებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე 2011 წლის პირველ ორ კვარტალში 13 ათას ლარამდე დაიხარჯა. აქედან მობილურით ყველაზე მეტი გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრეს. ორი კვარტლის მონაცემებით, ტელეფონით საუბრისთვის გამგებელმა 800 ლარი დახარჯა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ – 600 ლარი.

მარტვილის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა ამავე პერიოდში 54 ათასი ლარის ხელფასი და პრემია მიიღეს.

2011 წელთან შედარებით, ხარჯებისა და ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა მარტვილში წელს ნახევარი მილონი ლარით გაიზარდა და მთლიანი ბიუჯეტის 58% შეადგინა. მარტვილის 2012 წლის ბიუჯეტი 5 მილიონამდე ლარია – შარშანდელთან შედარებით, 2 მილიონი ლარით ნაკლები.