აქტუალური
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

shss22თბილისი, 6 იანვარი, საქინფორმი. „საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური  დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების  საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №108 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესსა და პირობებს. მოცემული ცვლილებებით არსებითად უმჯობესდება პატიმრობის მოხდის პირობები და იზრდება ადმინისტრაციულ პატიმართა უფლებები.

მათ შორის, აღსანიშნავია ჰიგიენურ/სანიტარიული  პირობებისა და კვების რაციონის  გაზრდა და გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების 24-საათიანი ხელმისაწვდომობა, შხაპითა და გასეირნების უფლებით სარგებლობისათვის პატიმრობით გათვალისიწინებული მინიმალური ვადის დაწევა.  წარმოდგენილი ცვლილებებით ადმინისტრაციულ პატიმარს საშუალება მიეცემა, თვეში ორჯერ შეხვდეს ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს, ასევე, განახორციელოს სატელეფონო ზარი თვეში ერთხელ  10 წუთის ხანგრძლივობით.

ცვილებებზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების  შენიშვნები და რეკომენდაციები. ზემოაღნიშნული დებულება ძალაშია 2012 წლის პირველი იანვრიდან.