სცენაზე უცებ ღამურა შემოფრინდა. ოღონდ არც 1874 წელი იდგა და არც ვენის „ან დერ ვინის“ თეატრში თამაშდებოდა იოჰან შტრაუს უმცროსის ოპერეტა „ღამურას“ პრემიერა. წელი იყო 2012. დღე იყო და 8 იანვარი. თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, უკვე მერამდენედ უჩვენებდნენ სააკაშვილის ხელდასხმულ მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“.
დიახ, ძვირფასო მკითხველო, ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო, იმისა არ იყოს, ამ უნიჭო და უგემოვნო მიუზიკლს, რომელსაც ხალხი „ქეთო და კუტუს“ ეძახის, ერთი ღამურაღა აკლდა და 8 იანვარს ისიც გამოფრინდა კულისებიდან სცენაზე.ღამურა მიუზიკლის მთელი პირველი მოქმედების განმავლობაში დაფრინავდა ხან სცენაზე მდგარი მსახიობების, ხან კი – პარტერში მსხდომი მაყურებლის თავზე.
იმ წამსვე გამახსენდა სააკაშვილის ხელისუფლების ჰებელსის – გიგა ბოკერიას ცოლის – ჩერგოლეიშვილის სიტყვები, რომელიც მან მაშინ წამოისისინა, როცა დიდი მაესტრო რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.
– მერჩივნა, სტურუა სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილიყო თეატრში, რომ სულ ღამურებს ეფრინათ! – იცინიკოსა ჩერგოლეიშვილმა.
რობერტ სტურუას ადგილი რუსთაველის თეატრში არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, რუსთაველის თეატრში აღმოჩნდა ადგილი დოიაშვილისთვის, მისი „ქეთო და კუტუსთვის“, და ღამურასთვის, როგორც ერთადერთი ერთგული მაყურებლისთვის, რომელიც ამ იაფფასიან წარმოდგენას შემორჩება!
ჯაბა ხუბუა
www.asavali.ge