აქტუალური
„ქართული ოცნების“ ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების თემატური ჯგუფის პრეზენტაცია

qarTuli-ocnebis-Tematuriთბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების თემატური ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა. თემატურ ჯგუფს სოციალური ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ხუფენია ხელმძღვანელობს.

ჯგუფი სამ – ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკისა და სადაზღვევო ბაზრის რეგულირების – ქვეჯგუფს აერთიანებს.

ხუფენიას განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების ჯგუფის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სადაზღვევო ბაზრის რეგულირების არსებული სისტემის რეორიენტაციისთვის საფუძვლების მომზადებაა.

„ჯგუფს მიაჩნია, რომ რეორიენტაცია აუცილებელი და გარდაუვალია, რადგან ქვეყანაში სოციალური დაცვის პოლიტიკა არ არსებობს. პენსია, დეკრეტული შვებულება, უმუშევრების დახმარება თუ სხვა კლასიკური სოციალური სადაზღვევო გასაცემლები ხელისუფლების „წყალობად“ არის მიჩნეული. ე.წ. სიღარიბის ზღვრის მექანიზმი „კოლექტიური მათხოვრობის“ სისტემადაა მიჩნეული. მთელი პასუხისმგებლობა კერძო სექტორზეა დელეგირებული, რის შედეგადაც როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე პაციენტი დაუცველი დარჩა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „სადაზღვევო ბროკერადაა“ გადაქცეული, რადგან ბენეფიციართა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. გარდა ამისა, არარეგულირებული სადაზღვევო ბაზრის პირობებში ხელოვნური მონოპოლია შეიქმნა და მედიკამენტი, ჰოსპიტალი თუ სადაზღვევო საქმიანობა ერთი ეკონომიკური სუბიექტის ხელში აღმოჩნდა“, – განაცხადა ხუფენიამ.

მისივე თქმით, ჯგუფმა ახალი კონცეპტუალური ხედვა უნდა შეიმუშაოს, რომელიც ხელმძღვანელობას 20 იანვრამდე წარედგინება, შემდეგ კი გაიმართება პროგრამის ფართო პრეზენტაცია, რომელზეც რეორიენტაციის თემა იქნება შემოთავაზებული.