აქტუალური
ხელისუფლება „ბანკი ქართუს“ კლიენტებზე ზეწოლას განაგრძობს

CartuBankთბილისი, 11 იანვარი,საქინფორმი. „ბანკი ქართუ“ ხელისუფლებას კლიენტებზე უსამართლო ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბანკის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„გრძელდება სს „ბანკი ქართუს“ კლიენტურის ბანკში გირაოდ ჩადებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე ვაჭრობის იმიტაციის პროცესი.

გასულ კვირას, 2012 წლის 4 იანვარს, აუქციონებზე გატანილ იქნა დამატებით 6 ობიექტი, ჯამში 12,3 მლნ ლარის ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი ამ ღირებულების 50%-ს შეადგენდა.

საჯარო აუქციონებზე გატანილი არცერთი ქონება პრაქტიკულად არ გაყიდულა, მათი უდიდესი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ დაისაკუთრა, მიმდინარეობს დანარჩენი ქონების ნატურით დასაკუთრების პროცესი ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ.

საჯარო აუქციონებზე გამოტანილი 2 ობიექტის შემთხვევაში ჩვენმა ბანკმა გამოხატა ქონების შეძენის სურვილი და მონაწილეობა მიიღო გამართულ ვაჭრობაში, თუმცა – უშედეგოდ. ხელისუფლება დაინტერესებულია არა ბანკის კლიენტი ორგანიზაციებიდან საგადასახადო დავალიანებების ამოღებით, არამედ ამ ორგანიზაციების მიერ სს „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონებების ჩამორთმევით.

აღნიშნული უსამართლო ქმედებების განხორციელების შედეგად, გარდა ბანკისა, დაზარალდა რამდენიმე სააქციო საზოგადოების ათასზე მეტი წვრილი აქციონერი, რომლებმაც რეალურად დაკარგეს თავიანთი აქციების უკან მდგარი ქონება.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს სს „ბანკ ქართუსა“ და მის კლიენტებზე უსამართლო ზეწოლა იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხე ექმნება მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემას, მთლიანად ქართულ ეკონომიკასა და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.

სს „ბანკი ქართუს“ ადმინისტრაცია კვლავაც გაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას მოქმედი კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში, რათა შეინარჩუნოს სტაბილური საბანკო დაწესებულების სახელი, შეუფერხებლად მოემსახუროს კლიენტურას და პირნათლად შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკის თითოეული კანონიერი მოთხოვნა“, – ნათქვამია განცხადებაში.