აქტუალური
მინისტრებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე იმსჯელეს

railway-baku-tbilisiთბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ზაფერ ჩაგლაიანი ხელმძღვანელობს. როგორც ნიკოლაიშვილმა შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობასა და რეალიზებად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის, კერძოდ, მისი ქართული ნაწილის – მარაბდა-ქარცახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაციას.

„პროექტი ხორციელდება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმდა. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურული, ისე რეგიონული თვალსაზრისით“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა. მისი თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთის მიმოქცევასა და სწრაფ ტრანსპორტირებას აზიიდან ევროპაში, რაც დადებითად აისახება როგორც საქართველოს, ისე თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ნიკოლაიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის ფარგლებში ათასობით ადამიანი დასაქმდება.