თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში ახალი საავადმყოფო გახსნა. ღონისძიების შემდეგ მან ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება საკუთარი მთავრობის არაკორუმპირებულობაზე გაამახვილა.
პრეზიდენტმა ყვარელში იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახლის წინ ოპოზიციის აქციის გამართვის გეგმაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მინისტრის სახლს ვერ მიაგნეს, რადგან ველაზე დიდ და მდიდრულ სახლს ეძებდნენ – სხვაგვარად ვერც წარმოედგინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უბრალო სახლი ჰქონდა“.
„აი, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ ფსიქოლოგიას შორის; ამიტომ არ შეიძლება მათი უკან მოშვება; მათ ის იდეაც აღიზიანებს, რომ შეიძლება იყო მთავრობაში და ფული არ გააკეთო... რა თქმა უნდა, ჩვენ არც ნავთობისგან შემოსული დოლარები გვაქვს და არც „გაზპრომის“ შემოსავალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შემოსავალი, რომელიც არაკორუმპირებული, ეფექტიანი მთავრობის მუშაობის შედეგად არის ბიუჯეტში შემოსული და ეს შემოსავალი სამართლიანად უნდა გადაუნაწილდეს ჩვენს ხალხს“, – დასძინა პრეზიდენტმა.