თბილისი, 28 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, მიმდინარე წლის 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში, თავდაცვის აკადემიაში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც პრეზიდენტის დავალებით დაიწყო მუშაობა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე“.
„ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გუშინ, 2012 წლის 27 თებერვალს, აღნიშნულ საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, „სხვა ძეგლებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე უფრო ადრე იყო დაწყებული მუშაობა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს საქართველოს ელჩი ისრაელში... რთული სათქმელია, რა ეტაპზე არის მოლაპარაკებები“, – განაცხადა კალანდაძემ.
დღეს კი ებრაულმა მედიამ აღნიშნულ საკითხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცრუა. კერძოდ, საინფორმაციო პორტალი „IzRus“-ის ინფორმაციით, ისრაელი საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებების არსებობას არ ადასტურებს.
იმავე ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში და პრემიერ-მინისტრის აპარატში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. „ეს ჩვენთვის სიახლე იყო. მსგავსი არაფერი მსმენია“, – განუცხადა „IzRus“-ის კორესპონდენტს ისრაელის საგარეო უწყების პრესსპიკერმა იგალ პალიმორმა.
პორტალის ცნობით, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არც სამინისტროს ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის და არც რელიგიური საკითხების დეპრატამენტებში აქვთ.