თბილისი, 1 მარტი, საქინფორმი. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება, სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 მარტის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირა: სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ლეონიდ თიბილოვი, სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევი, კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი და სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი.
პრეზიდენტად მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ელჩი მოიაზრება, რომელსაც, გავრცელებული მოსაზრებით, მოსკოვიც უჭერს მხარს. თუმცა თავად მედოევი უარყოფს მოსკოვის მხარდაჭერას.„დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, შეუძლებელია, ვინმეს პროტეჟე იყო“, – განუცხადა მან რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურ „ეხო კავკაზას“.
თავდაპირველად პრეზიდენტობის სურვილი 22 კანდიდატს ჰქონდა, თუმცა სამმა მათგანმა მონაწილეობა გადაიფიქრა, ხოლო სხვები ვერ დარეგისტრირდნენ –რამდენიმე მათგანმა ოსურ და რუსულ ენებში ჩასაბარებელი გამოცდები ვერ გაიარეს, ხოლო დანარჩენებს მონაწილეობის უფლება არ მიეცათ მათ მხარდამჭერთა ხელმოწერების სიებში უზუსტობების დაფიქსირების მოტივით.
იმ კანდიდატებს შორის, რომელთაც მონაწილეობა აეკრძალათ, არიან ედუარდ კოკოითისთან ოპოზიციაში მყოფებიც. მართალია, კოკოითიმ ოფიციალურად დატოვა თანამდებობა, მაგრამ მიიჩნევა, რომ იგი თავისი მოკავშირეების მეშვეობით კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
„ოპოზიციური კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ, რომელმაც, ასევე, ვერ გაიარა რეგისტრაცია.
„მე ადრე რამდენჯერმე მითქვამს, რომ მხოლოდ რამდენიმე კანდიდატი დარჩება – ისინი, რომლებზეც მოსკოვში შეთანხმდნენ“, – განუცხადა მან რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურ „ეხო კავკაზას“ 25 თებერვალს.
როგორც საქინფორმი არაერთხელ იტყობონებოდა, შარშან ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ არჩევნები მოიგო, თუმცა ნოემბერში მეორე ტურის შედეგები გაუქმდა და განმეორებითი არჩევნები დაინიშნა. ჯიოევა, რომელმაც განმეორებით არჩევნებს უკანონო უწოდა, საკუთარ ინაუგურაციას 10 თებერვალს გეგმავდა, თუმცა ერთი დღით ადრე ის საავადმყოფოში მოხვდა მის შტაბბინაში სამართალდამცველების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შედეგად.