საზოგადოება
საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობა განახლდა

Georgia-Uzbekistanთბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. ცხრაწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა გაიმართება.

როგორც სამინისტროდან იტყობინებიან, საქართველოს მხრიდან კომისიის თავმჯდომარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე წარმოადგენს, უზბეკეთის მხრიდან კი – საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე აკმალ კამალოვი.

კომისიის სხდომაზე საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები იქნება განხილული, მათ შორის, თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ინვესტიციების და სხვა კუთხით.

აღნიშნული სხდომის ჩატარება ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.