საზოგადოება
თბილისის სომეხთა კავშირის მიმართვა

tatevosovთბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. თბილისის სომეხთა კავშირმა გუშინ საქინფორმს გადმოუგზავნა თბილისის სომეხთა კავშირის მიმართვა საქართველოს სომხური თემის წევრებისადმი და ქვეყნის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისადმი. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ბევრად უფრო ადრე გააქტიურდა გარკვეული პოლიტიკური სტრუქტურების ძალისხმევა – პოლიტიკური პარტიების ოფისებში კონსულტაციების საფარქვეშ დაინაწილონ სომხური თემის წევრები. განსაკუთრებულ აქტივობას იჩენენ ის გაერთიანებები, რომელთა ლოზუნგებში მინიშნებაც კი არ არის საქართველოს მრავალეროვანი სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციაზე, პირიქით, ნაციონალისტური ქვეტექსტის მქონე მოწოდებები ჭარბობს. სომხური მხრიდან ამგვარ კონსულტაციებში ხალისით მონაწილეობენ ფსევდოორგანიზაციები, რომლებიც არავის წარმოადგენენ საკუთარი „ლიდერების“ გარდა. ეს უკანასკნელნი კი, არსებითად, ე.წ. საქართველოს სომეხთა კავშირის კლონები არიან, რომელმაც სრულად ამოწურა თავისი ანტისომხური რესურსი. იძულებული ვართ, მწუხარებით განვაცხადოთ, რომ დესტრუქციული ქმედებები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სომხური თემის დასათიშად წახალისებულია როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ისე გარედან. სხვაგვარად რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ათწლეულების  განმავლობაში როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, კომუნისტური წარსულის ერთსა და იმავე რენეგატებს ჯიუტად აღიარებდნენ „სომხური თემის ლიდერებად“ და გულუხვად აჯილდოვებდნენ სახელმწიფო ყურადღების ნიშნებით. პოსტსაბჭოთა პერიოდის ყველა ხელისუფლების ფავორიტები არიან, აგრეთვე, უტყვი მანეკენები – პარლამენტის დეპუტატები თემიდან, რომელთაგან არცერთს არასოდეს გამოუყენებია თავისი ხმის უფლება დიასპორისათვის აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად. ყავლგასული „ლიდერები“ თანდათან იმზადებენ შემცვლელებად საკუთარ კლონებს, გადასცემენ მათ თემში „ხელმწიფის თვალის“ მდიდარ გამოცდილებას, გამოცდილებას, რომელიც მოთხოვნადი და კარგად ანაზღაურებადია. როგორც წესი, ფსევდოსომხური ორგანიზაციების საქმიანობა სხვადასხვა ფონდიდან ფინანსდება, რაც საშუალებას აძლევს მათ, თავისუფლად ხარჯონ სახსრები პროსომხური აქტივობის იმიტაციისათვის. მათი დესტრუქციული არსი ვლინდება თემის კონსოლიდაციის იდეის  ნებისმიერი ფორმით კატეგორიულ უარყოფაში და ხელოვნური სახელების მქონე, ერთმანეთს შორის მოქიშპე წრეებად მისი დაყოფის პროცესის წახალისებაში. გასული ათწლეულის დასაწყისში შექმნილი საქართველოს სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა ყოფილი კომუნისტური ფუნქციონერების – ახალი ხელისუფლების ფავორიტების მხრიდან და არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მისი ლიდერი – თბილისის სომეხთა კავშირის პრეზიდენტი გამოგონილი საბაბით დააპატიმრეს და საგამოძიებო იზოლატორში ჩასვეს. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ თემის კონსოლიდაციას, მრგვალ მაგიდასთან მის გაერთიანებას ძალუძს, ბოლო მოუღოს ჭორებსა და ინსინუაციებს, რომლებსაც ბოლო ხანებში სულ უფრო ფართოდ ავრცელებენ გარედან დაფინანსებული ცენტრები. საქართველო ისტორიულად იყო და უნდა დარჩეს უნიკალური კეთილმეზობლობისა და კავკასიის ხალხთა კულტურების ურთიერთშეღწევის საუკუნოვანი ტრადიციებით. ვერავინ შეძლებს ეროვნებათაშორისი წონასწორობის ნაყოფიერ ნიადაგში განხეთქილების მარცვლების დათესვას, მით უფრო, რომ ჩვენს სამშობლოში მოსახლე ყოველ ეთნოსს საუკუნეების განმავლობაში საკუთარი პოზიტიური შრომითი და ინტელექტუალური წვლილი შეჰქონდა ეროვნული კეთილდღეობის საერთო ყულაბაში. დიალოგის გზით – ერთიანობისაკენ. ასეთი იყო და იქნება ჩვენი ლოზუნგი. ჩვენ ზურგს  გვიმაგრებენ საერთო ისტორია და მისი გმირები.

 

მიხეილ თათევოსოვი, თბილისის სომეხთა კავშირის პრეზიდენტი“